ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის კიდევ ერთხელ უპირისპირდება. დეპუტატმა მმართველი გუნდის წევრს "ხელის ბიჭი" უწოდა და განაცხადა, რომ მან ძალიან კარგად იცოდა მისი პროტესტი სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე და ამიტომაც არის ახლა ასე გაბრაზებულია.
ეს განცხადება ეკა ბესელიამ არჩევანის სტუდიაში გააკეთა. მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მას უთხრა, რომ მმართველ გუნდში განხეთქილებამდე ის იცავდა კიდეც ვანო ზარდიაშვილს, ეკა ბესელიამ ეს ინფორმაცია უარყო. გიორგი გაბუნიამ მას არქივის ჩანაწერი მოასმენინა, სადაც ის ვანო ზარდიაშვილის მისამართით ნიკა გვარამიას მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე მწვავედ პასუხობს.
ამ ინტერვიუს მოსმენის შემდეგ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მას მაშინ არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია.
„უფრო უარესი წარმოდგენა მაქვს ზარდიაშვილზე, ვიდრე გვარამია საუბრობს მასზე, მაგრამ მოდით, ზარდიაშვილზე ნუ დავკარგავთ დროს. მე ჩემი აზრი მაქვს ზარდიაშვილზე, ძალიან ნეგატიური. მე ახლა უფრო მეტი ფაქტი მაქვს ხელთ. არ ვიცნობდი მას კარგად და არც მისი ბიოგრაფია ვიცოდი. ასეთ კატეგორიის ადამიანებს, რომელსაც ვეძახი, რომ ჭუჭრუტანიდან გვესროდნენ, ალბათ, იმიტომ, რომ ღიად ვერ გაბედავდნენ ამას. ვისი ხელის ბიჭიც იყო, იმათ პატრონებთან მქონდა მუდმივად ეს ჭიდილი, მე არ ვიცნობდი, შემდეგ გავიგე და რაც გავიგე და რაც ვიცი, საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მქონოდა ეს პოზიცია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ვანო ზარდიაშვილი მისგან დისტანცირებული პირი იყო და მასთან მჭიდრო ურთიერთობა არ ჰქონია. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ვანო ზარდიაშვილს ირაკლი კობახიძე მფარველობდა.
იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ დაჯგუფების მიერ მომზადებული მოსამართლეთა სია სრულად ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი არ იყო. ის ამბობს იმასაც, რომ ძალიან დიდი ხანი ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი არ იცოდა, ვინ იყო ვანო ზარდიაშვილი.
„მაგალითად, მომისმენია ზარდიაშვილზე მისი პოზიცია, რომ საერთოდ არ იცნობდა და აპირებდა მის გაშვებას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.