„საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს რუსეთს ინტერესებს და მეტიც, როგორც ჩანს, ასრულებს რუსეთის დაკვეთას" - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა. დეპუტატმა მოსაზრების გასამყარებლად ანაკლიის პორტის საკითხი მოიყვანა და აღნიშნა, რომ აშკარაა, რომ კრემლის დაკვეთით ის ხელისუფლების სამიზნე ხდება.
სალომე სამადაშვილი რუსეთის საგარეო უწყებისა და თავდაცვის სამინიტროს მუქარის შემცველ გზავნილებს გამოეხმაურა.
„მე არ ვიცი, რას გულისხმობს ბატონი კარასინი. ეს შეიძლება იყოს დაშინების მცდელობა. შეიძლება რუსეთს საკუთარი ხედვები აქვს ჟენევის პროცესთან მიმართებაში, ან აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით ამზადებს რაიმე სიურპრიზებს. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს რუსეთს ინტერესებს და მეტიც, როგორც ჩანს, ასრულებს რუსეთის დაკვეთას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, როდესაც აშკარა ხდება, რომ ანაკლიის პორტი დღევანდელი ხელისუფლების სამიზნე ხდება, სავარაუდოდ, რუსეთის დაკვეთით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სახიფათო გზავნილი და მუქარა კრემლიდან, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება და თავდაცვის სამინისტრო ახმოვანებენ. გრიგორი კარასინი ქართულ მხარეს არასასიამოვნო მოულოდნელობებს უწინასწარმეტყველებს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პრაღაში, ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, თუმცა კარასინი არ აკონკრეტებს რა არასასიამოვნო მოულოდნელობას უმზადებს რუსეთი საქართველოს. დაუკონკრეტებია, რა არასასიამოვნო მოულოდნელობებს გულისხმობს.
მუქარის განცხადება დღეს რუსეთის თავდაცვის უწყებაშიც გაკეთდა. სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი იძულებულია საპასუხო ზომები მიიღოს. შოიგუს თქმითვე, მოსკოვი გააძლიერებს სამხედრო დანაყოფებს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.