არაფორმალური მმართველობა აზიანებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას-ასეთია ანალიტიკოსების შეფასება კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ. როგორც ცნობილია ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამგზავრებამდე კონსულტაციები გაიარა ბიძინა ივანიშვილთან. პრაღაში კი კარასინმა აღნიშნა, რომ მასთან ზურაბ აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის ტონით საუბრობდა.
ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრები უნდა იმართებოდეს სახელმწიფო ინსტიტუტების და არა ბიძინა ივანიშვილის მიერ.
„საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ ინსტიტუტები და ამ ინსტიტუტებში პარტიის თავმჯდომარე არანაირად არ მოიაზრება. ინსტიტუტი არის პარლამენტი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ა.შ. და არა პარტიის თავმჯდომარე. იმიტომ, რომ პარტიის თავმჯდომარემ რა დააბარა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს ცოტა გაუგებარია,“-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) დამფუძნებელი კი დარწმუნებულია კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დაპირება გასცა. ეს იყო თანამშრომლობა ამერიკასთან და თანამშრომლობა რუსეთთან. ნოდარ ხარშილაძის თქმით, ამჯერად ბიძინა ივანიშვილს ეს თამაში აღარ გამოუვა.
„თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ბიძინა მართავს ქვეყანას რეალურად და მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია მისი სურვილების შესრულების, ეს ახლა აშკარაა. პრობლემები სხვაშია, რატომ ათანხმებ და რა ხდება. ეს არის ის, რომ დღეს ბიძინა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ საქართველოს სახელით ჩემი აზრით ორი ურთიერთსაპირისპირო დაპირება აქვს მიცემული. ერთი ის, რომ ბოლტონის ვიზიტის დროს მან ამერიკელებს შეუთქვა დახმარება ირანელების შემთხვევაში და მეორე ის, რომ რუსეთს ალბათ ის დაჰპირდა, რომ ამერიკელებს რეგიონში არ გააძლიერებდა და ირანის შემთხვევაში საქართველო თავს შეიკავებდა. ასე რომ არჩევანის გაკეთება უწევს საით ვართ -ამერიკისკენ ვართ, თუ რუსეთისკენ ვართ, ეს უკვე თამაში აღარ გამოუვა ბიძინას. შესაბამისად რუსები ამით ძალიან გაღიზიანებულები არიან და ამიტომაც არის ეს ყველაფერი. შეიძლება ამის ნაწილიც იყოს ანაკლიის პორტი და ის ყველაფერი რაც ხდება,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი" კი გრიგორი კარასინის მუქარისშემცველ განცხადებას ეხმაურება. ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ რუსეთის მიზანია საქართველოს უარი ათქმევინოს მის ჩრდილოატლანტიკურ არჩევანზე.
უსაფრთხოების პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა იმართება ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე და ინსტიტუციები, შესაბამისი უწყებები, რომლებიც ჩართული უნდა იყოს ამ კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებაში და აღსრულებაში ამ პროცესებიდან არიან გამოტოვებული. კონკრეტულად ამ ფაქტს რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის ფორმატი, მე ვთვლი, რომ ძალიან დიდ ზიანს აყენებს ამ ფორმატის საერთოდ არსებობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. და რუსეთი ცდილობს ის გამოიყენოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისათვის საქართველოში. და ეს განცხადებაც ერთ-ერთი მცდელობა არის რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელონ საქართველოს მთავრობაზე და საქართველოს მოსახლეობაზე რათა ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენ არჩევანზე. როგორც კი ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს არჩევაზე იმ წუთიდან რუსეთს თავისი ამოცანა ექნება შესრულებული,“-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.