სახელმწიფოს მიტაცება - ასეთ შეფასებას 18 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადების გაკეთების შემდეგ აკეთებს.
თიბისი ბანკის დამფუძნებელმა საკანონმდებლო ორგანოში თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.
საერთაშორისო პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინი „სახელმწიფოს მიტაცება“ მძიმე შეფასებაა და ისეთ ქვეყენას აღწერს, რომელსაც არა ინსტიტუტები, არამედ გავლენიანი არაფორმალური ჯგუფები ან ოლიგარქი მართავს.
ტერმინი „სახელმწიფოს მიტაცება“ პირველად საქართველოზე საუბრისას ოფიციალურ განცხადებაში Transparency International-მა ჯერ კიდევ მაშინ გამოიყენა, როცა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისა და ომეგა ჯგუფის საქმეზე ვიდეოჩანაწერები გავრცელდა. იმ პერიოდში სამოქალაქო სექტორს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ფაშისტები უწოდა.
მესამე სექტორის აზრით, ხაზარაძის განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა გზა ბიძინა ივანიშვილამდე მიდის და სახელმწიფო არაფორმალურმა მმართველმა მიიტაცა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელწმიფოს მიტაცება პრობლემას ქვეყანას არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც უქმნის.