"ის ფაქტი, რომ ივანიშვილის კვლავ დასჭირდა ღარიბაშვილის უკან მოყვანა, ეს გარკვეულ კრიზისზეც მიუთითებს მმართველ პარტიაში," - ეს განცხადება დავით ზურაბიშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს რესურსი, გუნდი ახალი სახეებით გაამდიდროს და იძულებულია, ძველი სახეები დააბრუნოს.
თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლკელების მოთხოვნით გაუშვა.
როგორც დავით ზურაბიშვილმა თქვა, მაშინ არსებულ შიდა პრობლემების ფონზე ივანიშვილმა ღარიბაშვილი გაწირა.
„მაშინ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. მაშინ თავისუფალი დემოკრატები უკვე წასული იყვნენ და ოპოზიციაში იყვნენ. ჩვენ ვიყავით ისეთ მდგომარეობაში, რომ ნაწილი ითხოვდა უფრო ოპოზიციაში წასვლა, ნაწილს არ უნდოდა ოპოზიციაში წასვლა. ამ შემთხვევაში მან ღარიბაშვილი მსხვერპლად შემოგვწირა იმ მომენტში,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
დავით ზურაბიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ე.წ. კახური კლანი დაბრუნდება.
რესპუბლიკური პარტიის წევრი ამბობს, რომ რეალურად ქართული ოცნებისთვის ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით არაფერი შეიცვლება იმიტომ, რომ კრიზისი უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა.