საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე "ტვ პირველის" თანამშრომლებს სთხოვს, განმარტონ, ჰქონდა თუ არა მამუკა ხაზარაძეს რაიმე ბერკეტი, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინა.
თალაკვაძე ამბობს, რომ წერილის შინაარსი, რომელიც გამოძიებას მამუკა ხაზარაძემ გადასცა, როგორც მინისტრ გიროგი გახარიას მუქარის შემცველი გზავნილი, გაუგებარია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უარყოფს, რომ ხელისუფლებას შესაძლოა მედიასაშუალებების გაკონტროლების სურვილი ჰქონდეს.
თალაკვაძის თქმით, მათი ინფორმაციით, ხაზარაძეს კავშირი არ აქვს "ტვ პირველთან" და ამიტომ, გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა შს მინისტრს "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ხაზარაძისთვის მოეთხოვა.
ხაზარაძისთვის გაგზავნილ გახარიას წერილში წერია, რომ "ტვ პირველი" უნდა დაჯდეს "ტვ იმედის" ტრენდზე" - სწორედ ამ საკითხზე სთხოვს არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანიის თანამშრომლებს განმარტებებს.
„თუ შინაარსში შევალთ, წერილის ასლი, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, გაუგებარია საერთოდ, რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან „ტვ პირველი“. რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან? როგორც ვიცით, ბატონი ხაზარაძე ამ ტელევიზიის არც მფლობელია, არც დირექტორი და არც რაიმე სხვა კავშირი აქვს ამ ტელევიზიასთან.
"რა თქმა უნდა, გვსურს, ვკითხოთ "ტვ პირველის" ჟურნალისტებსაც,რაიმე ბერკეტი აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძეს მათზე, ვინაიდან ეს წერილი იქნა მოტანილი შესაძლო მტკიცებულებად და მის შინაარსში ასეთ რამეს ვკითხულობთ. როგორ ან რა ფორმით უნდა მოეხდინა მათზე ზეგავლენა საინტერესოა ამაზე ტელევიზიის წარმომადგენლებმაც გვიპასუხონ"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე.
თალაკვაძისთვის ასევე გაუგებარია წერილში გაჟღერებული მოთხოვნებიდან კიდევ ერთი პუნქტი - რაში უნდა უშლიდეს ხელს ხელისუფლებას ტელეკომპანია "არტ-არეა", სადაც თალაკვაძის თქმით, მხოლოდ გასართობ-შემეცნებითი პროგრამები გადის.
"ასევე გაუგებარია არტ-არეას საკითხი - რა შუაშია პოლიტიკასთან , თუნდაც თეორიულად რაში შეიძლება უშლიდეს ხელს არხი,რომელიც ყველამ ვიცით, რომ კულტურაზე და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემას,ასევე საჯარო ლექციებს გადმოსცემს"-აცხადებს თალაკვაძე.
მისი თქმით, ხელისუფლება სამართლებრივ ფარგლებში დაიცავს ყველა ბიზნესმენის და მით უმეტესი ისეთი სისტემური ბანკის უფლებებს, როგორიც TBC ბანკია. თალაკვაძე ამბობს, რომ აშკარაა საკითხის გაპოლიტიზირების მცდელობა.
სკანდალური წერილი გასაჯაროვდა. უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც გიორგი გახარისგან მამუკა ხაზარაძემ მიიღო.
წერილის დასაწყისშივე გახარია TBC-ის დამფუძნებელს წერს, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, ამიტომ ივანიშვილის ყველაზე გავლენიანი მინისტრი ხაზარაძეს სამ პირობას უყენებს.
მათ შორისაა მოთხოვნა - ტელეკომპანია "პირველმა" შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ.