"კურიერის" ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ქადაგიძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ უნდა მივიდეს.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ქადაგიძესთან კითხვები, TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით აქვთ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში ძირითად საქმეზეა დაბარებული, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება და არა მუქარის წერილთან დაკავშირებით.
სკანდალური წერილი ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მტკიცებით, გიორგი გახარისგან მიიღო. წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ.
პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.