თავდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა - წვევამდელი ამტკიცებს, რომ მას კრწანისის სასწავლო ცენტრში ზემდგომები ჯარისკაცს ჯერ ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს. 19 წლის ქაზიმ გახრამანოვის მტკიცებით ინციდენტი კვირას, გამთენიისას მოხდა. ღამის ორ საათზე მძინარე, ჯარისკაცებმა გააღვიძეს და ფული მოსთხოვეს. უთხრეს, რომ ის შეძლებული ოჯახის შვილია და წილი ჯარში უნდა მიიტანოს. უარის შემდეგ სერჟანტ ენდელაძის თანდასწრებით გახრამანოვს ჯერ თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი დაზიანებები სახის არეში მიაყენეს. მომხდარის შემდეგ ნაცემმა წვევამდელმა ნაწილის სამედიცინო პუნქტს მიმართა, თუმცა ექიმს მის ფიზიკურ დაზიანებებზე რეაგირება არ მოუხდენია. ბოლოს შველა ნაცემმა წვევამდელმა ოჯახს სთხოვა და დღეს დილით მამას დაურეკა.
გახრამანოვების ოჯახის მტკიცებით, 19 წლის ქაზიმი არ იყო ერთადერთი წვევამდელი მარნეულიდან, ვისაც კრწანისის სასწავლო ცენტრში ფულს სძალავდნენ, კვირას ღამით დაპირისპირების დროს გახრამანოვს, სამხედრო ბარათი წაართვეს, რომელზეც თანხა იყო ჩარიცხული, ცემის დროს მას ბარათის პინ კოდს სთხოვდნენ.
გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ შემდეგ დაიწყო, რაც წვევამდელის ცემის ფაქტი "კურიერმა" გაახმაურა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვის პროცესი. მათ შორის გამოიკითხა ის სერჟანტი, რომელიც წვევამდელის განცხადებით ცემის და ფულის გამოძალვის ფაქტს ესწრებოდა. სამხედრო პოლიციაში ამბობენ რომ ამ ეტაპზე არც სერჟანტის პასუხისმგებლობის საკითხი და არც ფულის გამოძალვის ფაქტი არ დასტურდება.