ქართულ ოცნებას გამიჯნულები ახალ პარტიას ქმნიან, თუმცა, ვიდრე ცალ-ცალკე წასულებს ერთი პოლიტიკური პარტია გააერთიანებს, საზოგადოებრივი მოძრაობა იქნება.
მოძრაობა, რომლის შესახებ ქართული ოცნების ლიდერებს ჯერ არაფერი სმენიათ, რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაფუძნდება. საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი პოეტი დავით მაღრაძე იქნება. წევრები კი ქართულ ოცნებაზე განაწყენებული და გუნდიდან უკვე წასული ე.წ. ძველი გვარდიელები.
ეკა ბესელია, სავარაუდოდ, ახალი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი გახდება, რადგან ამბობს, რომ მმართველ გუნდსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ზუსტად ერთნაირი შეხედულება აქვთ. პარტიიდან დემარშით წასული ბესელია დავით მაღრაძის მოძრაობას ე.წ. მესამე ძალად ასახლებს, რომელიც, სავარაუდოდ, ძალებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოსინჯავს.
დავით მაღრაძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მოსაგროვებლად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნდა, ახლა ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ხალხის აღარ ესმის.
სავარაუდოა, რომ მოძრაობა ქართულ ოცნებაზე განაწყენებული და ნაციონალური მოძრაობის მიმართ რადიკალურად განწყობილი წევრებით დაკომპლექტდება. გამორიცხული არ არის, სწორედ ამ მოძრაობის აქტიურობით გადაინაცვლონ ქუჩის აქციებზე მმართველი გუნდიდან დემარშით წასულმა პოლიტიკოსებმა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დავით მაღრაძის მოძრაობა მესამე პოლიტიკური ძალა, სავარაუდოდ, ვერ გახდება, მაგრამ ასეთი მოძრაობის შექმნა უკვე ადასტურებს, რომ ქართულმა ოცნებამ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, არსებობა უკვე დაასრულა.
დეპუტატების მიერ პარტიის დემარშით დატოვების შემდეგ პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ჯერ თანაგუნდელებს არ შეხვედრია. ყოფილ პრემიერს პირადი კომუნიკაცია მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა, თუმცა, რაზე ისაუბრეს, ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა.