19 დეკემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ხურვალეთში ოკუპანტები, სავარაუდოდ, მავთულხლართების დასამონტაჟებლად ემზადებოდნენ

რუსი ოკუპანტები ხურვალეთში ამ დროისთვის არ იმყოფებიან, თუმცა, ადგილობრივების ბაღებში აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში ახალი მავთულხლართების დასამონტაჟებლად ემზადებოდნენ.

მონიტორინგის ჯგუფი და ჟურნალისტები ქართველმა სამართალდამცველებმა მცირე ხნით დღეს ხურვალეთში შეუშვეს და იმ ტერიტორიის დათვალიერების უფლება მისცეს, სადაც გუშინ ადგილობრივებმა ოკუპანტები დაინახეს.

მათივე ინფორმაციით, გაკაფულია ბაღები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს ტერიტორია ახალი მავთულხლართებისთვის მოასუფთავეს, თუმცა, სამოქალაქო სექტორის და ქართველი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ უკან დაიხიეს.

ამ დროისთვის გორის მიმდებარე სოფლებში ოკუპანტების გადაადგილება არ შეინიშნება, თუმცა, პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა ისევ ადგილზე რჩება.

ამ დროისთვის ხურვალეთში შესვლა ისევ შეზღუდულია.

სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას 4 წევრი და ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში რამდენიმე წუთით შეუშვეს. ისინი ტერიტორიაზე პოლიციის მანქანებით შევიდნენ.  

„იმ ბაღებში, რომელზეც არის საუბარი, იყო ჩვეულებრივი ჯაგნარი, რომელზეც ჩვენ ვაპირებდით 15 რიცხვში გასუფთავებას, გამომდინარე იქიდან, რომ გვთხოვეს, არ დაძაბულიყო სიტუაცია ოკუპანტებთან, ჩვენ ეს ღონისძიება გადავდეთ. დღეს რომ შევედით, ის ბაღი იყო გასუფთავებული, სადაც ვვარაუდობდით და იყო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები იყვნენ შემოსულები,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ, ხელისუფლებას ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები