ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციას ხვდება. პირველი შეხვედრა სასტუმრო "პულმანში" "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან გაიმართა. ალენ ბერსე ხვდება "ძლიერ საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" წევრებსაც.
ევროსაბჭოს გენმდივანთან მისვლას არ აპირებენ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები. ნიკა გვარამია და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ალენ ბერსეს ვიზიტი "ქართულ ოცნებას" ეხმარება შექმნას ბუნდოვანება საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან და ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით. პარტია მიმართავს ევროსაბჭოს გენმდივანს, დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია.
"მათ არჩიეს ე.წ. არალეგიტიმური ხელისუფლების თითქმის ყველა შტოსთან ჰქონოდათ შეხვედრები. რეალური ფუნქცია, რაც არის ევროსაბჭოში ადამიანის უფლებები, ნაწამებ ადამიანებთან არ ჰქონდათ სურვილი. შესაბამისად, რა მისიას ემსახურებოდა მათი აქ ჩამოსვლა, არის ბუნდოვანი. ჩვენ არ ვხვდებით," - ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი.
ალენ ბერსესთან შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე საუბარი არ იყო.
"ჩვენ კითხვამდე, თვითონ დელეგაციის ხელმძღვანელმა უპასუხა ამ საკითხს, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არანაირ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ის არ არის ჩამოსული და ვერ იქნება მისი ვიზიტი ამისთვის გამოყენებული," - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
ალენ ბერსე, მეორე დღეა, თბილისში შეხვედრებს მართავს. ის უკვე ესაუბრა პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ვიზიტით და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებით, წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია.