აშშ-ის მოქალაქემ, ჩენ ძინპინგმა აღიარა, რომ ნიუ-იორკში, მანჰეტენის ჩინურ კვარტალში, ჩინეთის მთავრობის სახელით, "საიდუმლო პოლიციის სადგურს" მართავდა.
პროკურორების განცხადებით, ჩენ ძინპინგმა და მისმა თანამზრახველმა, ლუ ძიანვანმა, აღნიშნული სადგური 2022 წლის დასაწყისში ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს (MPS) დავალებით გახსნეს.
ოფიციალური ინფორმაციით, მსგავსი სადგურები კიდევ 53 ქვეყანაში ფიქსირდება. ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები მათ ჩინეთის მიერ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინელების თვალთვალისა და დაშინების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, თუმცა ჩინეთი აცხადებს, რომ ეს "სერვისცენტრებია", რომლებიც ჩინეთის მოქალაქეებს ადმინისტრაციულ საკითხებში ეხმარებიან.
გამოძიების თანახმად, ნიუ-იორკში არსებული სადგური ჩინეთის მოქალაქეებს საბაზისო მომსახურებების უწევდა, მაგალითად, როგორიცაა მართვის მოწმობების განახლება, თუმცა, პარალელურად, პეკინს დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტების იდენტიფიცირებაში ეხმარებოდა.
სადგური 2022 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ დახურეს, რაც FBI-მ გამოძიება დაიწყო. პროკურორები ამბობენ, რომ ბრალდებულებმა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მიმოწერა გაანადგურეს.
60 წლის ჩენმა დანაშაული აღიარა. მას ჩინეთის აგენტობისთვის 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლუ ძიანვანი დანაშაულს უარყოფს და სასამართლოს ელოდება.
წყარო: BBC