17 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმები და დირექტორი, რომელიც "ოცნების" დეპუტატია, პაციენტების პენსიების მოპარვაში არიან შემჩნეულები

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმები და დირექტორი, რომელიც მმართველი პარტიიდან წალკის საკრებულოს წევრია, პაციენტების პენსიების მოპარვაში არიან შემჩნეულები.

კურიერმა დაადგინა, რომ უკვე 6 თვეა, ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების თანხების მითვისების ამბავს იძიებს. 150 ლარი პენსია, რომელიც ამ კლინიკის პაციენტებს ერიცხებათ, სხვის ჯიბეში მიდის და ბენეფიციარებს მცირე ნაწილი ხმარდებათ.

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ყოფილი თანამშრომელი კურიერის იმ სქემის გაშიფვრაში დაეხმარა, რომელთაც ფსიქიატრიულის პაციენტებს ფულს პარავენ. წყარო ამტკიცებს, რომ მედპერსონალის დახმარებით დირექცია თანხას 2013 წლიდან ითვისებს.

ყოველთვიურად ბანკის თანამშრომელი პენსიის დასარიგებლად ფსიქიატრიულ კლინიკაში მიდის, ფულს ბენეფიციარებს აძლევს, თუმცა, თანხას შემდეგ მედპერსონალი ართმევს და სეიფში ინახავს.

მედდის კაბინეტში საცავში შენახული საპენსიო ბარათები და თანხის ნაწილი კურიერმაც გადაიღო.

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკას ქართული ოცნების დეპუტატი, ავთანდილ ვანაძე, ხელმძღვანელობს. კურიერის წყაროს ინფორმაციით, ბენეფიციარების ფულის მითვისებაც მისი დავალებით ხდება და მოპარული ფულის დიდი წილი მასთან მიდის.

ბრალდებებს უარყოფს კლინიკის დირექტორი ავთანდილ ვანაძე.

ავთანდილ ვანაძე 2007 წლიდან ბედიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2017 წელს სურამისა და ბედიანის კლინიკების გაერთიანების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი გახდა, თუმცა, ბედიანში პოზიცია შეინარჩუნა და ამავე კლინიკაში დამატებით ექიმ-ფსიქიატრის შტატზეც გაფორმდა. ჯამში, მხოლოდ ფსიქიატრიულში 3 თანამდებობას იკავებს. პარალელურად კი ავთანდილ ვანაძე ოცნებიდან წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ბენეფიციარების თანხების შესაძლო მითვისების შესახებ იცის ყველა სახელმწიფო უწყებამ. ანონიმური წერილები ერთდროულად შევიდა პროკურატურაში, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატში.

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკიდან უწყებამ ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. ცენტრში სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფიც იმყოფებოდა. მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ საპენსიო თანხები გამჭვირვალედ არ იხარჯება.

ჯანდაცვის სამინისტროში უკვე აღიარეს, რომ ფსიქიატრიულ ცენტრში პრობლემებია. შიდა აუდიტის შედეგებით, გამოყოფილი ფინანსები მენეჯმენტის ხელფასებს ხმარდება და არა პაციენტებს.

დირექტორის გათავისუფლების შესახებ უწყებამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ბედიანში დროებით მმართველი დაინიშნება.

 

 

 

ავტორი: მარიამ კოპალეიშვილი

დღის ამბები