17 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
პოლიციელი ხის გადატანას ემსხვერპლა - ბუტა ანთაძის ოჯახმა ხელი ბიძინა ივანიშვილს დაადო

სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის რეალური მიზეზი მხოლოდ 10 თვის შემდეგ დასახელდა. ხმაურიან აქციაზე ბუტა ანთაძის ოჯახმა ხელი ბიძინა ივანიშვილს დაადო.

ირკვევა, რომ ღამით მძინარე პოლიციელი სახლიდან, რომელიც წესით ფილტვების ანთების გამო ბიულეტენზე უნდა ყოფილიყო, სოფელში სამორიგეოდ გაუშვეს, რადგან ივანიშვილის ხე გადაჰქონდათ.

ივანიშვილის მიერ შერჩეულ ხეს ესკორტი სჭირდებოდა და მთელი პოლიციის განყოფილებაც ღამის საათებში ქუჩაში გაიყვანეს.

პოლიციის განყოფილების უფროსი 16 მაისის ღამეს მოკლეს. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხე გადაჰქონდათ, სოფლის გზა გადაკეტილი იყო და პოლიცია არავის ატარებდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მკვლელობას წინ დაპირისპირება არ უძღოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბესიკ ტაკიძემ მას ზურგში მხოლოდ ერთი ჭრილობა მიაყენა დანით. 14 სანტიმეტრის სიღრმის შემავალი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქმის მასალებში ხის გადატანის ფაქტზე საუბარი საერთოდ არ არის. წერია, რომ მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც არაგაბარიტული ტვირთი გადაჰქონდათ.

მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი მკვლელისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. ბუტა ანთაძის ახლობლებს ბათუმის ცენტრალური გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას ითხოვდნენ.

 

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

 

 

 

დღის ამბები