"არა ოკუპაციას, რუსეთი კლავს" - ამ ლოზუნგით, აქციები ევროპის სხვადასხვა ქალაქში, თითქმის ერთდროულად გაიმართა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, სამძიმარს უცხადებენ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და საპროტესტო აქციებს რუსეთის საელჩოს შენობებთან მართავენ.
ემიგრანტები საპროტესტო ლოზუნგებით გამოვიდნენ ათენში, სალონიკში, იტალიის ქალაქ პიზასა და ლონდონში.
რუსულ ოკუპაციას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უკრაინელებიც აპროტესტებენ, რომლებიც დღეს აქციაზე საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატად, საგანგებოდ მივიდნენ.
„მე მივმართავ ამჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებას. ბატონებო, ჩვენ აქ დღეს ძალიან ცოტანი ვართ და არ იფიქროთ, რომ ესე ცოტანი ვარ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. გარკვეული მიზეზების გამო, დღეს არ ვართ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ოცნებებს მხოლოდ თქვენს ვილებზე მოეშვით და საქართველო რაც დაგიტოვეთ, ის მაინც დაგვახვედრეთ, თორემ თუ წამოვიდა ეს ემიგრანტების ტალღა, რომელიც თქვენ არაფრად მიგაჩნიათ, ყველაფერს დატოვეთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ჩვენს შვილებს ის საქართველო შეუნარჩუნეთ, რომელიც დაგიტოვეთ. საკმარისია, ის რაინდი ბიჭები, რომლებიც გამოასვენეს და პასუხიც რომ არ მოგითხოვიათ არცერთისთვის,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.