სამეფო კარზე დაპირისპირება გრძელდება - სამეფო კლუბის წევრები ბაგრატიონ-გრუზინსკების და ბაგრატიონ-მუხრანელების დაპირისპირების მიღმა, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეის განადგურების მცდელობას ხედავენ.
კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეა წლების წინ სწორედ სამეფო კლუბის წევრებისგან წამოვიდა. ბაგრატოვანთა დინასტიის გაერთიანების მიზნით ორი ოჯახის წარმომადგენლის ქორწინება დაიგეგმა. იდეა პატრიარქმა მოიწონა.
უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახს პრობლემები თავიდანვე დაეწყო. ბაგრატოვანთა ოჯახი ვერც ბავშვის დაბადებამ შეინარჩუნა და პატრიარქის მიერ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი ოფიციალურად გაიყარა.
ქვეყანაში არც ტახტია და ჯერ არც საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე საუბრობს ვინმე. ამის პარალელურად კი ქართული სატახტო თამაშები კულმინაციას აღწევს და ბაგრატოვანთა ორი შტო იმაზე იბრძვის, ვინ უფრო მეფეა, ვინ უფრო დიდებული და ვის ეკუთვნის ტახტი არარსებულ სამეფო კარზე.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები, ანას ყოფილ მეუღლეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ბაგრატიონ-გრუზინსკების სახელის გამოყენებას ედავებიან. მომჩივანი მამა-შვილი ამბობს, რომ დავითი საქართველოს სამეფო სახლის ხელმძღვანელის სტატუსით არიგებს ორდენებს, აქედან კი ფინანსურ სარგებელს პოულობს.
მუხრანელების ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ პეტრე გრუზინკის მამა მომღერალი ნოე სიხარულიძეა. თუმცა, გაირკვა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის დნმ კვლევა არსებობს, შედეგი კონფიდენციალურია, მაგრამ ის უძველეს ქართულ ჯგუფს ემთხვევა.
შექმნილ ვითარებაში საზოგადოების ნაწილი ორი ოჯახის ბიზნეს გეგმებს ხედავს და აღნიშნავს, რომ ბაგრატიონები დღის შუქზე მაშინ გამოდიან, როცა მათი კერძო ინტერესები ჩნდება.
ავტორი: რუსკა გიორგაძე.