ეკა ბესელიას ყოფილი თანაგუნდელები არაკორექტულობის გამო აკრიტიკებენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და მისი მოადგილე დავით მათიკაშვილი, ბესელიას ახსენებენ, რომ თავად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო და კორექტულობა უნდა გამოიჩინოს.
ბესელია კი მათიკაშვილსა და ოხანაშვილს მოუწოდებს „ნერვები დაიმშვიდონ“და გაიაზრონ სად იმყოფებიან.
„ბიჭებო დამშვიდდით, ასე ნუ დაპატარავდებით, იმ დონეზე თუ დახვალთ, იქამდე ვერ ჩამოგყვებით, მაგრამ რაღაც დონიდან მომიწევს პასუხების გაცემა. ანრი, ცოტა გაიაზრე სად ხარ, სად ლაპარაკობ, რაღაცა სინდისისმაგვარი რომ შემოგეპარება მაშინ გახდება ნორმალური ეს დიალოგი,“-მიმართა ბესელიამ ოხანაშვილსა და მათიკაშვილს.
მათიკაშვილმა კი მას უპასუხა, რომ რადგან შეურაცხყოფაზე გადადის ე.ი. არგუმენტები არ გააჩნია. რაზეც ბესელიამ მას და ოხანაშვილს ურჩია დაწყნარებულიყვნენ.
„დაიმშვიდეთ ნერვები ორივემ. ბიჭებო, გაჩერდით ცოტა ხანს, დაწყნარდით. დაასრულე დათო?-ტყუილად გამეცადინებდი მაგ სხდომის წაყვანაში? ასე უნდა მოიქცე?“-მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.
იურიდიულმა კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა შერჩევის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამით საკომიტეტო მოსმენები დასრულებულია და კანონპროექტი პირველ მოსმენაზე სესიაზე გავა.