17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
პარკებში გახვეული და ბუნკერში ჩაყრილი მკვდარი ცხოველები - საზარელი ვიდეოკადრები

ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა - საზარელი კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, აჭარაში ადლიის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. კადრებში მკვდარი ცხოველები ჩანს. ისინი პოლიეთილენის პარკებშია გახვეული და რამდენიმე თვეა, ღია ცის ქვეშ ყრია. დახოცილი ძაღლების და კატების ნაწილი კი ბუნკერშია ჩაყრილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ე.წ. ცხოველების სასაფლაო ყოველგვარი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ფუნქციონირებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა ბათუმში ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. ხალხი აქციაზე შეიკრიბა. მათ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ”სევერი” სანიტარული ნორმების დარღვევის გარდა, ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულეს.

ბათუმში ამბობენ, რომ გამარჯვებული კოპანია მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვის ნაცვლად, ცხოველებს ხოცავს, შემდეგ კი ნაგავსაყრელის ორმოში ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ყრის.

კოპანიასევერში” ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ე.წ. ბეიკერის ორმოში მკვდარ ცხოველებს კანონიერად ათავსებენ და ტერიტორია დალუქულია.

ბათუმის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ ევთანაზია მხოლოდ იმ ცხოველებს უტარდებათ, რომლებიც მძიმე სენით არიან ინფიცირებულები და მათი გადარჩენა შეუძლებელია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის შესწავლა დაიწყო.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები