მოსამართლეების გამწესების წესი და კრიტერიუმები - პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი 89 ხმით გავიდა. ირაკლი კობახიძის მოწოდების მიუხედავად, დღეს მმართველი გუნდი ერთსულოვანი არ იყო. კანონის 31 მოწინააღმდეგეს შორის საპარლამენტო უმრავლესობის სამი დეპუტატი, ალექსანდრე ერქვანია, ბიძინა გეგიძე და ლევან კობერიძე აღმოჩდნენ.
კანონპროექტს, რომელმაც "ქართული ოცნება" განხეთქილებამდე მიიყვანა, მხარი არ დაუჭირეს არც პარტიიდან დემარშით წასულებმა. ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე სხდომაზე საერთოდ არ შევიდნენ, კობა ნარჩემაშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და მირიან წიკლაურმა ხმა კობახიძის კანონის წინააღდეგ მისცეს.
ეკა ბესელია კობახიძის კანონის განხილვას სხდომაზე ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრის დროს დარბაზიდან გავიდა.
ბესელიას გაღიზიანება იურიდიულ კომიტეტში მისი შემცვლელის კომენტარს მოჰყვა. ანრი ოხანაშვილმა დღეს თქვა, რომ ბესელია მომსახურების ზონიდან გავიდა.
საპარლამენტო უმრავლესობას, გუნდიდან წასული დეპუტატების გარდა, ოპოზიციაც უტევდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საკანონდებლო ცვლილებები სასამართლო ხელისუფლებაში კლანურ მმართველობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, მიზეზი მივლინებაა. სხდომაზე არ იყო არც დიმიტრი ცქიტიშვილი.