26 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
ტატუნაშვილის მკვლელობა და ადამიანთა უკანონოდ დაკავების შემთხვევები - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში შეხვედრა შვიდ საათს გაგრძელდა. მხარეებმა განიხილეს ხურვალეთში განვითარებული მოვლენები, საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები, ტატუნაშვილის მკვლელობა და ადამიანთა უკანონოდ დაკავების შემთხვევები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა ერგნეთში 16 მაისისთვის შედგება.

„მთავარი საკითხი და განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ არ იქნა მათგან მიღებული პასუხები შინაგანი ორგანოების და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ასევე, დავით ბაშარულის გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენი კითხვები კვლავაც დარჩა პასუხგაუცემელი. ყურადღება გავამახვილეთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების კუთხით შექმნილ პრობლემებზე,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დღის ამბები