ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდნენ თავისთან ოთახებში, წაახალისეს მისი შემოპარვა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან.
პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი.
"რაც შეეხება ამ რეზოლუციას, მგონი, ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში, წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში. ფაქტობრივად, გასწირეს ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის ზუსტად ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ვხედავთ ტელეეკრანებზე. ეს ის პარლამენტარები არიან, რომლებიც შემდეგ ამერიკაში ლობისტების რეესტრში აღმოჩნდნენ, რომ ამერიკელი ლობისტები ამზადებენ რეზოლუციის ტექსტებს მათთვის. ჩანს პირდაპირ, რომ აქ ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან. რაც შეეხება რეზოლუციას, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არაფერი ამ მხრივ აქ სიახლე არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ და ბოლო რამდენიმე კვირა, რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში, ცდილობენ გამოიყენონ, რათა თავს დაესხან ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.