ნატო-ს გენერალური მდივნის ერთდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. იენს სტოლტენბერგმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა და ქვეყნის გაწევრიანების პროცესს რუსეთის გაღიზიანება ვერ შეაჩერებს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა შავი ზღვა და მასთან დაკავშირებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესებია. სტოლტენბერგის თქმით, ყირიმის ანექსიისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდეგ, შავი ზღვა ნატო-ს პრიორიტეტებშია.
ნატო-ს გენერალური მდივანი დღეს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრშიც იმყოფებოდა და ნატო-ს წევრი და პარტნიორი 24 ქვეყნის მონაწილეობით ერთობლივ უპრეცედენტო სწავლებას დაესწრო. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.