სოციალური მომსახურების სააგენტო უკვე 48 საათია, მუშაობის საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გაფიცული სოციალური მუშაკების მოვალეობებს მეორე დღეა, სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლები ითავსებენ. შექმნილია სამკაციანი კრიზისული ჯგუფები, რომლებიც ძალადობის გადაუდებელ გამოძახებებზე დადიან.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის მიმდინარე ათასობით საქმეს, რომელთა მეთვალყურეობა და მართვა გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აბარიათ. სოციალური მუშაკები ძირითადად კანცელარიის თანამშრომლებით, იურისტებით და შტატგარეშე სოციალური მუშაკებით ჩაანაცვლეს.
გაფიცულები ამბობენ, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა შექმნილ ვითარებას ადეკვატურად ვერ აფასებს. მათი თქმით, სხვა პროფესიის ადამიანები სოციალურ მუშაკებს დიდხანს ვერ ჩაანაცვლებენ და მალე სააგენტო შესაძლოა, ჩიხში აღმოჩნდეს. მათთვის გაუგებარია, როგორ უნდა იმუშაონ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან არაკვალიფიციურმა პირებმა.
სოციალური მომსახურების ოფისებში მისულ ბენეფიციარებს გაფიცვის შესახებ დატოვებული შეტყობინებები დახვდათ. მომსახურების გარეშე დარჩენილი ბენეფიციარების ნაწილი სახლში გაბრუნდა, ნაწილმა კი გაფიცულ სოციალურ მუშაკებს დახმარების თხოვნით აქციაზე მიაკითხა.
სოციალური მუშაკები სამინისტროს ხელმძღვანელობისგან 22 მოთხოვნიდან, მინიმუმ, 6-ის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან. მოთხოვნებს შორისაა სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და იურისტების რაოდენობის გაზრდა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ადეკვატური ხელფასი.
ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას მოთხოვნების გადახედვასთან დაკავშირებით დღეს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია. განაცხადეს მხოლოდ ის, რომ მომსახურების ცენტრები სოციალური მუშაკების გარეშე შეუფერხებლად მუშაობენ.
ავტორები: იზო ჩუბინიძე, ია გულიაშვილი.