19 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ირაკლი კობახიძის „შავი სია“ - პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს 6 დეპუტატის გარიცხვას სთხოვდა

დეპუტატების ე.წ. შავი სია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძემ მიუტანა და 6 დეპუტატის უმრავლესობიდან გარიცხვას სთხოვდა, გედევან ფოფხაძემ გაასაჯაროვა. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა ფოფხაძემ ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

გედევან ფოფხაძის თქმით, პოლიტიკაში მეორედ მოსვლამდე მმართველი პარტიის ლიდერმა მას და ასევე შეხვედრაზე მყოფ ნუკრი ქანთარიასა და ზაზა პაპუაშვილს უთხრა, რომ კობახიძე მათი პარლამენტიდან გარიცხვას ითხოვდა. გასარიცხთა სიაში კიდევ 3 დეპუტატი იყო - რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე. ირკვევა, რომ დეპუტატების გარიცხვით ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის თავმჯდომარე პირობას აძლევდა, რომ უმრავლესობაში პრობლემები მოგვარდებოდა.

ყოფილ პრემიერთან შეხვედრის მონაწილე ნუკრი ქანთარია ადასტურებს, რომ დეპუტატების მსგავსი შემადგენლობით ბიძინა ივანიშვილთან მაშინ გულახდილი საუბარი გაიმართა. ქანთარიამ ახლა ვერ გაიხსენა, ილაპარაკა თუ არა გასარიცხი დეპუტატების სიაზე ყოფილმა პრემიერმა, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კობახიძეს ეს მოთხოვნა ივანიშვილთან მართლაც ჰქონოდა. ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი სხვა დეპუტატები გედევან ფოფხაძის სკანდალურ განცხადებაზე ზოგად კომენტარებს აკეთებდნენ.

დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის უკიდურესად გამწვავდა. ბესელიამ ივანიშვილს მიმართა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე/მდინარაძე/ზარდიაშვილის ჯგუფის პატრონად მოიხსენია პარლამენტის მართვის სადავეებიდან მათი ჩამოშორება მოითხოვა.  

„ქართული ოცნებიდან“ განდგომილი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიას აწარმოებს. ეკა ბესელიას ამის დასტურად მამუკა მდინარაძის მიერ მისთვის შეცდომით გაგზავნილი სმს შეტყობინება მოჰყავს. მისი მტკიცებით, გზავნილში დეტალურად იყო აღწერილი, როგორ უნდა გაელანძღათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ყოფილი თანამებრძოლი.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კი რიტორიკა ერთი და იგივე გზავნილით შეცვალეს და  განაცხადეს, რომ პოლიტიკურ კინკლაობას აღარ აჰყვებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები