09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
არის თუ არა მოსალოდნელი უკრაინაზე რუსეთის ახალი შეტევა? - ფაქტების მომძიებელთა მისიის შეფასება დაიდო

ფაქტების მომძიებელმა საგანგებო მისიამ, რომელშიც ამერიკის შეიარაღებული ძალების სამი გენერალი შედიოდა, უკრაინაში მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა დღეს ვაშინგტონში წარმოადგინა. მისიის ხელმძღვანელი, ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი ევროპაში, გენერალი უესლი კლარკი იძლევა რეკომენდაციას, უკრაინამ მიიღოს თავდაცვითი ლეტალური იარაღი.

„თუ გადავხედავთ წინა ოპერაციებს, შეგვიძლია რუსების მორიგი შეტევა ვივარაუდოთ. შესაძლოა ეს იყოს მართლმადიდებლური შობის შემდეგ, სავარაუდოდ, 9 მაისამდე. უნდა მოვამზადოთ ლეტალური თავდაცვითი დახმარება, რომელიც უკვე ავტორიზებულია კონგრესის მიერ და ვუთხრათ ვლადიმერ პუტინს, რომ განახლებული აგრესიის შემთხვევაში, ჩვენ მას გავგზავნით უკრაინაში. თუმცა ჩვენი მისია ფიქრობს, რომ ჩვენ ახლავე უნდა მივცეთ უკრაინას ეს დახმარება,” - აცხადებს აშშ-ის არმიის გენერალი უესლი კლარკი. 

ფაქტების მომძიებელ მისიაში პენტაგონის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი პატრიკ ჰიუც შედიოდა. მისიის აზრით, რუსული აგრესია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიით არ შემოიფარგლება და მოსკოვის მთავრი სამიზნე აღმოსავლეთ ევროპის მთავრობების დემობილიზებაა.

ფაქტების მომძიებელი მისიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის რეგულარული ძალების 9 ათასი წარმომადგენელი და 35 ათასამდე მებრძოლი სეპარატისტია. ფლობენ 400-მდე ტანკს და ატილერიას, მათ შორის სარაკეტო კომპლექსებს და საჰაერო თავდაცვით სისტემებს. 50 ათასი რუსი მებრძოლი უკრაინის საზღვრებთან არის მობილიზებული, 50 ათასი კი ყირიმშია ბაზირებული. 

დღის ამბები