პუტინის მორიგ პროვოკაციულ განკარგულებას შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების პასიურობის პირობებში მსგავსი ნაბიჯები კრემლის მხრიდან გასაკვირი არ არის. "ევროპულ საქართველოში" თვლიან, რომ ხელისუფლებამ მსგავს უკანონობებზე საერთაშორისო სანქციების დაწესება უნდა მოითხოვოს, რათა საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ დაიკარგოს. გიორგი კანდელაკის თქმით, როდესაც საქართველოს მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის პრობლემის თავიდან არიდებას გულისხმობს, კრემლის მსგავსი პასუხები გასაკვირი არაა:
"როცა ეს არის "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა, რომ პრობლემა არ შეექმნას რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე, ამ პირობებში რატომ უნდა გვიკვირდეს რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ასეთი აგრესიული ნაბიჯების გადადგმა,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, აქ მიიჩნევენ, რომ პუტინის განკარგულება კრემლის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, ამ პრობლემის მოგვარება ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიც არიან ჩართულები. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ვითარების ქვეყნისთვის სასიკეთოდ შემოტრიალებას მოახერხებენ.
"პირველ რიგში, ეს არის, რომ დაფიქსირდეს ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რომ ეს პროცესი გრძელდება და ყურადღება არ მოდუნდეს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მოდუნებულმა ყურადღებამ შეიძლება კიდევ ერთ ანექსიური ნაბიჯის გადადგმას შეუწყოს ხელი,"- აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.