ტყიბულში გაფიცული მეშახტეები პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართვას უგზავნიან. მეშახტეები მიმართვაში მათ მოთხოვნებსა და ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, ეს რთული იქნება ქალაქისთვის.
"15 სექტემბრამდე ჩვენ ველოდით აგვისტოს ხელფასის ჩარიცხვას, მაგრამ კომპანიის ადმინისტრაცია არ ახორციელებს არავითარ კომუნიკაციას დასაქმებულებთან და ჩვენთვის ბუნდოვანია, ჩვენი შრომის ანაზღაურების პერსპექტივა. ასევე, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებით ტყიბულის შახტების ამოქმედებასთან დაკავშირებით. აქ დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასი წარმოადგენს თვიდან თვემდე საარსებო წყაროს. ამასთან, თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საბანკო ვალდებულებები და ხელფასის დაგვიანებით ეს ვალდებულებები ჯარიმებითა და პირგასამტეხლოებით დაგვიმძიმდა. ამასთანავე, ხელფასების დაგვიანება დაემთხვა სასწავლო წლის დაწყებას, რის გამოც ვერ უზრუნველვყავით ჩვენი შვილების მომზადება სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ტყიბული იმყოფება მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ზღვარზე და ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ მოვლენათა რადიკალურ განვითარებას. გთხოვთ, უახლოეს მომავალში უზრუნველყოთ ტყიბულის შახტების ამოქმედების საკითხის გადაწყვეტა, გასაჯაროვდეს ინფორმაცია შახტებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ და დაგვეხმაროთ ჩვენი კუთვნილი ხელფასების მიღებაში"- წერია მიმართვაში.
მიმართვას ყველა მეშახტე აწერს ხელს. მეშახტეები ამ დრომდე მერიასთან რჩებიან და გენერალური დირექტორის ჩამოსვლას ელოდებიან.