14 სექტემბერი 2026,   00:59
ვრცლად
ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე "ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანიის" დირექტორი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ  თაღლითობის ფაქტზე  შპს "ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანიის" დირექტორი დააკავა, ხოლო სამეწარმეო  გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცა  შპს "არგი ჯგუფის" დირექტორი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალაქ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს "არგი-ჯგუფის" დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა შპს "ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია", რომლის დირექტორი ნუგზარ ბ. დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს.

თავის მხრივ, შპს "არგი ჯგუფის" დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ხ-მ, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურეობრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, შპს "არგი ჯგუფის" მიერ სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა.

გამოძიება თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დღის ამბები