13 ივლისი 2020,   23:43
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის შემდეგ პოლიციამ 6 პირი დააკავა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც

ვარკეთილში, იმ უბანში, სადაც მე-11 კლასელი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან, სავარაუდოდ, გადმოხტა, რამდენიმე დაკავების ოპერაცია ჩატარდა.

საქმის ახალ დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერის" ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვეს. უწყებამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მომხდარზე საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულსხმობს, ხოლო 6 პირი 178-ე, ძარცვის მუხლით დააკავეს. იმის გამო, რომ დანაშაულში არასრულწლოვნებიც არიან, საქმის განხილვები სასამართლოში, სავარაუდოდ, დახურული იქნება.

ერთ-ერთი დაკავებულის ბებია ყვება, რომ გარდაცვლილს ნაცნობებმა ტელეფონი წაართვეს და დაალომბარდეს. სკოლის მოსწავლეს უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ არსად არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ.

ბრალდებულების ახლობლებს უჭირთ გამოძიების ოფიციალური ვერსიის დაჯერება, რომ თვითმკვლელობის მიზეზი შეიძლებოდა მხოლოდ მობილური ტელეფონის წართმევა ყოფილიყო. 

საქმის მასალებით დგინდება, რომ დაკავებულების გარდა საქმეში კიდევ ერთი პირიც ფიგურირებს - ტაქსის მძღოლი დავით დავითაშვილი. სწორედ ეს არის პიროვნება, რომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც გარდაცვლილის მობილური ტელეფონი დალომბარდდა. საქმე მოცულობითია და მტკიცებულებებს ადვოკატები ახლაც ეცნობიან. 

16 წლის მოზარდის ცხედარი 9 სართულიანი კორპუსის ეზოში 3 დღის წინ ნახეს. ახლობლები თვითმკვლელობის საეჭვო გარემოებებზე თავიდანვე საუბრობდნენ, თუმცა ამ დრომდე მომხდარის დეტალები უცნობი იყო. მოზარდს ხვალ დაკრძალავენ.

დღის ამბები