18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ტრაგედია თუშეთში - ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთზე გადავარდნილი ტურისტი ადგილზევე გარდაიცვალა

თუშეთის გზაზე კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთზე დღეს ხევში ჰოლანდიელი ტურისტი გადავარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ტურისტების ჯგუფი საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით მოძრაობდა. 

თუშეთიდან ჰოლანდიელი ტურისტები ველოტურიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ფშაველი-ომალო-აბანოს საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრზე ერთ-ერთ მათგანს ველოსიპედის სამუხრუჭე ხუნდებმა უმტყუნა, რის შემდეგაც ის უკვე ხევში გადავარდა. მისი გადარჩენა სცადეს ტურისტებმა, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა ხევში შესული 6 ადამიანი უკვე თვითონ ვეღარ ახერხებდა გამოსვლას, რის გამოც გამოსაძახებელი გახდა სამაშველო სამსახური.

"საშინელი ინციდენტია, ჩვენ ვნახეთ როგორ დაიძრნენ ტურისტების ჯგუფი თუშეთიდან ახმეტის მიმართულებით. შემდეგ გავიგეთ მომხდარის შესახებ. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. სავარაუდოდ, ტურისტებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ თუშეთის გზა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზად ითვლება," - აცხადებენ ინციდენტის თვითმხილველები.

ხევში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, ამ დროისთვის 6 ტურისტი უკვე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. რაც შეეხება ერთ გარდაცვლილ ტურისტს, მისი ცხედარი გურჯაანში ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს.

"აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობდა ტურისტთა 7 კაციანი ჯგუფი ველოსიპედებით. ერთ-ერთი მათგანი გადავარდა ხევში და გარდაიცვალა ადგილზე, ხოლო მისი თანმხლები პირები შეეცადნენ მის გამოყვანას, მაგრამ ვეღარ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას. მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული მუშაობის შედეგად მოხერხდა აღნიშნული ჯგუფის უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა და გარდაცვლილი პიროვნების ხევიდან ამოსვენება," - განაცხადა ზაზა ჭაბუკიშვილმა.

დღის ამბები