ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკავებულების ნაწილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატ დავით გირგვლიანის განცხადებით, გადმოცემული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოძიება არასწორი გზით მიმდინარეობს.
"თავიდანვე არასწორად იყო წარმართული საგამოძიებო მოქმედებები, გადმოცემული მტკიცებულებებიდან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 115-ე მუხლი, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს თავად ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვის დროსაც გამოირიცხა, რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ის აცხადებს, რომ არ ჰქონია ადგილი არანაირ კანონდარღვევას მისი მხრიდან,"- ამბობს დავით გირგვლიანი.
კიდევ ერთი დაკავებულის გიორგი წიწილაშვილის უფლებადამცველის ზურაბ როსტიაშვილის თქმით, კი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.
"ბრალი აქვს წარდგენილი ძარცვის მუხლით. გიორგი წიწილაშვილმა მართალია გამოიყენა დუმილის უფლება და ჩვენება რ მისცა, მაგრამ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ არაფერ შუაში არ არის, სახურავზე შემთხვევის დროს ის არ ყოფილა, გარდაცვლილთან ნაცნობობას ადასტურებს, წარსულში ნასამართლეობას ვადასტურებთ, თუმცა ეს იყო უმნიშვნელო ინციდენტი,"- ამბობს როსტიაშვილი.
ვარკეთილში მოხდარ თვითმკვლელობაზე საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულსხმობს, ხოლო 6 პირი 178-ე, ძარცვის მუხლით დააკავეს.