სასამართლო სისტემაში "კლანური" მმართველობის საკითხზე, პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატის, ეკა ბესელიას დადგენილების პროექტი ბიუროს დღეს წარედგინება. რეზოლუციის მოთხოვნათა შორის არის პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნა, რომელმაც ამ მხრივ სასამართლოში არსებული მდგომარეობა უნდა შეისწავლოს და პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
"ეს დოკუმენტი არა მხოლოდ წარსულის და აწმყოს შეფასებაა, არამედ მომავალში რა უნდა გაკეთდეს, ამ ვალდებულების აღებაა პარლამენტის მხრიდან. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, პარლამენტი რამდენად გამოიჩენს ამ გამბედაობას და ამ დოკუმენტს დაუჭერს მხარს, რომლითაც უნდა მოხდეს აღიარება პრობლემებისა და იმისა, რომ ბევრი რამ კიდევ შესაცვლელია სასამართლოს ხელისუფლების შიგნით," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი თვლის, რომ ეს რეზოლუცია ეფექტური არ იქნება.
"არ არის ეფექტური ამ შემთხვევაში ამ დადგენილებისთვის მხარის დაჭრა. დეკლარირებული ხასიათის განცხადებები, მით უფრო, მართლმსაჯულებას რაც ეხება, დღეს ჩვენთან არსებულ სიტუაციას მაინცდამაინც ვერ წაადგება. თუნდაც იმ გამოწვევებს, რაც არის, ზოგადად, მართლმსაჯულებაში. ის პრაქტიკული ნაბიჯები უფრო სასარგებლოა, რაც უკვე მიმდინარეობს იურიდიულ კომიტეტში,"-განაცხადა მაჭარაშვილმა.