13 სექტემბერი 2026,   05:10
ვრცლად
გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ოქრუაშვილის პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, პროცესი 8 ოქტომბრამდე გადაიდო, მიზეზი შს სამინისტროს მხრიდან სასამართლო პროცესზე არასრული მტკიცებულებების წარდგენა გახდა.

"საქართველოს მთავრობას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკმაოდ ხმამაღლა აყენებდა  შეურაცხყოფას, შემდეგ გადმოვიდა ავტომანქანიდან და აგრძელებდა ამ ქმედებას",- განაცხადა სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა ეკა ბუაძემ.

"საპატრულო პოლიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, ტექნიკური პრობლემა ჰქონია შს სამინისტროს, ეს ყველაფერი არის ფარსი. უნდოდათ, რომ შევეშინებინე,  მაგრამ არ გამოვა,"-განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა მედიასთან პროცესის დასრულების შემდეგ.

"მე პირადად ვუკავშირებ ამას ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ, ჩვენ ვაკრიტიკებთ ბიძინა ივანიშვილს,"- ამბობს კოტე კემულარია.

"ეს არის პოლიტიკური დევნა, ოლიგარქმა გადაწყვიტა, ვისაც რაიმე სახის განსხვავებული აზრი აქვს, ყველა დევნოს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "გამარჯვებული საქართველოს“  წევრი გურამ ჩალაგაშვილი დღეს წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს.

დღის ამბები