საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. პარალელურად ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი იწყება. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარებას ედავებიან. დღესვე საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესიც გაიმართება. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს - ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. სხდომას თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის ნიშნად ისევ არ დაესწრება.
პროცესის დაწყებამდე კომენტარებში, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება და ისინი, ვისი პროცესიც დღეს იმართება პოლიტპატიმრები არიან. ამ წუთებში კობა კოშაძის გარდა დღეს ასევე ირაკლი ოქრუაშვილის და ზვიად კუპრავას სასამართლოო პროცესებიც მიმდინარეობს.
რაც შეეხება კობა კოშაძის პროცესს, ის რამდენიმე წუთში დაიწყება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღკვეთზე და 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობას აყენებს. დაცვა ამბობს, რომ ექსპერტიზის თანახმად, რომელიც ჩატარდა, საქმის მთავარ სამხილზე, ანუ იარაღზე კობა კოშაძის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
"დაუყოვნებლივ სისხლიანმა ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლოს პოლიტ პატიმრები. დღეს არის ზვიად კუპრავას პროცესი, რომელიც არის უკანონო პატიმარი. ასევე არის კობა კოშაძის პროცესი, რომელსაც ჩაუდეს იარაღი. გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ მასზე ანაბეჭდი არ არსებობს არანაირი, მაგრამ არანაირი რეაგირება პროკურატურის მხრიდან არ არის. თუ დღეს არ გამოუშვებენ კოშაძეს, ამითი ჩენ საბოლოოდ დავრწმუნდებით ერთ რამეში, რომ პირადი პატიმარი იქნება ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის, ვინაიდან კობა არის მისი ოჯახის წევრი და ყველაზე მტკივნეული წერტილი ირაკლისთვის," – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა.
"გამარჯვებული საქართველოს" კიდევ ერთი წევრი, კოტე კემულარია ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით ადამიანების დაპატიმრებას დასასრული უნდა ჰქონდეს.
"პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ გამომწყვდეული ის ისევე, როგორც 20 ივნისის მონაწილე ბიჭები პატრიოტები ჰყავთ გამომწყვდეული ისევე, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი. მე ვფიქრობ, რომ ამას დასასრული უნდა ჰქონდეს. ეს პოლიტიკური მოტივით ადამიანების დაპატიმრება თუ არ დასრულდება ქვეყანაში თანხმობა არასოდეს იქნება," - აცხადებს კოტე კემულარია.
სულ მალე გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის აღკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, შემდეგ გაიმართება ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც ის თავად არ დაესწრება. ყველა ეს სასამართლო პროცესი დღეს საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.