საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გადაიდო. დაცვის მხარემ საქმის განცალკევების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდება ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.
დღესვე გაიმართა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარებას ედავებიან.
გადადების მიზეზი, დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 2 სხვა პირის საქმესთან ერთად. სწორედ ამიტომ, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ საქმეებს შორის, არანაირი კავშირი არ არსებობს.
უფლებადამცველის ამ მოთხოვნას დაეთანხმნენ როგორც სხვა დაკავებულების ადვოკატები, ასევე ბრალდების მხარე და მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს, უკვე სხვა მოსამართლე განიხილავს.
"ახლა ეს საქმე, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების ნაწილში, გადაეწერება სხვა მოსამართლეს. ორ თვეში ერთხელ, არსებითი სხდომის მოსამართლემ, კანონი სთხოვს, უნდა გადახედოს აღკვეთის ღონისძიებას. თუკი გვექნება რაიმე ახალი გარემოება, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ მას შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება," - აცხადებს ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი.
სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი. სასამართლოში მივიდნენ მისი თანაგუნდელები და მეუღლე. ისინი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირებენ. ირინა გორდელაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების სურვილი ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებაა.
"ამ კონკრეტულ საქმეში, არ არსებობს მტკიცებულებები ჩემი მეუღლის მიმართ. ეს არის მთლიანად შეთითხნილი საქმე, იმისათვის, რომ მოხდეს მისი ჩამოშორება პოლიტიკური ველიდან, არჩევნების წინ და უკავშირდება მის პოლიტიკურ, საკმაოდ მწვავე განცხადებას, რომელიც მან გააკეთა რამდენიმე კვირით ადრე, დაკავებამდე" - განაცხადა ირინა გორდელაძე.
ბრალდების მხარე, გიორგი მუკბანიანი აცხადებს, წარმოდგენილია როგორც მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები, ასევე ვიდეო ჩანაწერები, საიდანაც, სხვადასხვა პირთა ვინაობა დგინდება.