21 დეკემბერი 2024,   15:33
ვრცლად
სახლი საოკუპაციო ხაზთან

ეს არის ისტორია ოჯახზე, რომელიც საცხოვრებლად საოკუპაციო ზოლთან გადადის. პენსიონერებმა თბილისში მიწა გაყიდეს და ახლა სახლს მავთულხლართებიდან რამდენიმე მეტრში იშენებენ.

ნარგიზა ბურჯანაძეს საკუთარ ეზოში გავლებული მავთულხლართები არ აშინებს. საოკუპაციო ზოლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში სახლის მშენებლობა დაიწყო და მეუღლესთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე აქ აპირებს დარჩენას. 31 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახმა თბილისიდან ხურვალეთში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთ-საქართველოს ომიდან მეთერთმეტე წელს 66 წლის ცოლ-ქმარმა თბილისში მიწა გაყიდა და სახლის აშენება მამა-პაპისეულ ადგილზე გადაწყვიტა. ნარგიზა ბურჯანაძე საკუთარ გეგმებზე "კურიერთან" საუბრობს და ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად ხეხილის ბაღებს გააშენებს და პირუტყვსაც მოუვლის.

სახლის მშენებლობის პროცესს აკვირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საპატრულო პოლიცია, რომელიც ოჯახს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ოჯახის გადაწყვეტილება ახლობლებისა და ნათესავებისთვის გაუგებარია. მშენებლობის დაწყება უკვირთ სოფელშიც, თუმცა ხურვალეთში მცხოვრებლებს სიახლე ახარებთ.

ოჯახი ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრობს, ოკუპირებულ ზონასთან კი რამდენიმე თვეში, სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადავა.

 

დღის ამბები