დასხდება თუ არა დიალოგის მაგიდასთან მთავრობა და ოპოზიცია, - ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს იმედი აქვს, რომ თბილისი ბრიუსელისა და სტრასბურგის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ხელისუფლება მზად არის არგუმენტებით ესაუბროს ყველას, ვისაც კითხვა აქვს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლების პოზიტიურ გზავნილებს უკმაყოფილებით ხვდება ოპოზიცია.
ხელისუფლების ოპონენტებს დიალოგამდე თავიანთი პირობები აქვთ. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ აქტორს, დაძლიონ პოლარიზაცია და დასხდნენ ერთ მაგიდასთან დიალოგისთვის
პარტიის ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ადამიანთან, რომელმაც თავისი ხელმოწერილი შეთანხმება დაარღვია, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
"რა აზრი აქვს დიალოგს იმ ადამიანთან, რომელმაც, უკვე ერთხელ და არაერთხელ, თავისი მოცემული სიტყვა დაარღვია და ხელმოწერილი შეთანხმება დაარღვია. გულისწყვეტა გამოიწვია იმან, რომ ევროკავშირი "ქართულ ოცნებას" მთელი ეს პერიოდი მოუწოდებდა კანონის უკან გაწვევას, რადგან რუსული კანონი შეკეთებას არ ექვემდებარება," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენელი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ყველა კრიზისულ სიტუაციას დიალოგი სჭირდება, უბრალოდ - გარკვეული შეთანხმებებით.
"ყველა კრიზისულ სიტუაციას სჭირდება დიალოგი, ჩვენ არ ვამბობთ დიალოგზე უარს და არც ვიტყვით უარს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, დიალოგი შეიძლება იყოს ახალ პროცესზე, ახალ არჩევნებზე და როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები,"- აცხადებს გიგი წერეთელი.