თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში დაკავებულების ახლობლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. აქციის მონაწილეებს პირზე წითელი ლენტები აქვთ აკრული, როგორც ისინი განმარტავენ ეს დეტალი სასამართლოს მორჩილებას ნიშნავს.
"დღეს ჩემი შვილი შიმშილობს, ათი დღე მიმიცია ამ სასამართლოსთვის, თუ ათ დღეში ჩემს შვილს არ გამოუშვებენ საპატიმროდან პარლამენტის წინ მეც ვიწყებ შიმშილს," -ამბობს დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანი "კურიერთან" საუბრის დროს.
"წითელი ლენტები ნიშნავს იმას, რომ საქართველოა ასეა დადუმებული, მთავარი რაც არის მოსამართლეები არიან პირაკრულები, ისენი ვერ იღებენ ხმას რეალურად თუ რა ხდება ქვეყანაში,"- აცხადებს მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" წევრი მანანა ანდღულაძე.
"არც კი არის საუბრები, რომ დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ისეთი ფიგურის როგორიც არის გახარია, ჩვენ გვაქვს შერჩევით მიდგომებთან საქმე," - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
ამ წუთებში სასამართლოში ოთხი დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს, ადვოკატებს აინტერესებთ სად არიან პირები,რომლებმაც ასობით ადამიანი დააზარალა.
"ამ პირების პატიმრობა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მოხდეს მათი ბრალის აღიარება, რადგან ყველა პოლიციელი, რომელიც დაკავებული იყო გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან,"- ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.
მთელი დღის განმავლობაში სასამართლო 17-ივე ბრალდებულის საქმეზე იმსჯელებს. მათ შორისაა ირაკლი ოქრუაშვილი და ბესიკ თამლიანი, რომელიც საპატიმროში შიმშილობს. ტრადიციულად სასამართლო სხდომები აქციის ფონზე გაიმართება. დაკავებულების ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს.