პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს უსმენენ. ოპოზიციამ კითხვები პეტრიაშვილზე მდებარე ღვინის ქარხნის საკითხით დაიწყო. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთო კახიძე დაინტერესდა, რატომ დაუბრუნა უზენაესმა სასამართლომ საქმე მეორე ინსტანციას, რის შემდეგაც 6 სხდომა ჩაიშალა.
"სწორედ იმიტომ, რომ გონიერ დამკვირვებელს არ შეპარვოდა ეჭვი სხდომის თავმჯდომარის მიუკერძოებლობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონი ქეთევანი, იმ დღიდან, როდესაც მისი მეუღლე ამ საბანკო დაწესებულებაში გამწესდა კონკრეტულ თანამდებობაზე, იცილებდა ყველა საქმეს, სადაც ეს ბანკი მონაწილეობდა მხარედ,"- უპასუხა ზამბახიძემ კახიძეს.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას კითხვა ეხებოდა შემთხვევას, როდესაც შეურაცხყოფის დროს დგება დილემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს შორის.
"გამოხატვის თავისუფლება ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული და ეს იქნება, თავის მხრივ, წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა ძირითადი უფლება იყოს დაცული,"- უპასუხა ზამბახიძემ ბოკერიას.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის კითხვაზე, ყოველთვის დამოუკიდებელად და მიუკერძოებელად იღებდა თუ არა გადაწყვეტილებას, ზამბახიძემ უპასუხა, რომ მას გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ არასდროს მიუღია.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე გაესაუბრნენ მოსამართლეობის 6 კანდიდატს - თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემაძეს, შოთა გეწაძეს, მამუკა ვასაძეს და მაია ვაჩაძეს.