უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს დღეს დეპუტატები ზუსტად 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ. სააპელაციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს 50-ზე მეტი კითხვა დაუსვეს, მათ შორის იყო როგორც პროფესიული ასევე პოლიტიკური კითხვები. ფრაქცია ევროპულმა საქართველომ საუბარი პეტრიაშვილზე მდებარე ქარხნის თემით დაიწყო, ეს არის საქმე, რომელიც უზენაესმა მეორე ინსტანციას დაუბრუნა.
სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის, - ეს კიდევ ერთი თემაა, რომლითაც "ევროპული საქართველო" დაინტერესდა.
არაფორმალური მმართველობა და შერჩევითი სამართალი, - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცენტი პოლიტიკურ საკითხებსა და კონკრეტულ საქმეებზე გააკეთეს. კიდევ ერთი კითხვა, ეხებოდა შალვა თადუმაძის შესაძლო დანიშვნას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.
კითხვები ჰქონდათ უმრავლესობის წევრებსაც. დღეს მოსამართლეობის კანდიდატს მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა.
თამარ ზამბახიძეს დარბაზში უსმენდნენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატის პოზიციით დაინტერესდა, ეთიკურია თუ არა მისი კოლეგების მოქმედება, საჯარო პოსტები, პოლიტიკური განცხადებები და მონაწილეობა დებატებში.
ყველაზე მეტი კითხვა სავარაუდოდ დეპუტატებს ხვალ ექნებათ. იურიდიული კომიტეტი დილის 10 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ელოდება.