უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისა და მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის, განცხადებებს პარლამენტის გარეთ შეფასებები უკვე მოჰყვა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი არალეგიტიმურია და დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.
"პროცესი არის არალეგიტიმური, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო იმდენად სერიოზული დარღვევები, რომ არ შეიძლება ამ დარღვევებზე თვალის დახუჭვა. თუ რომელიმე ადამიანი მაინც იქნება ამ სიიდან არჩეული, ეს ნიშნავს იმას, რომ თვალი დახუჭა საქართველოს პარლამენტმა იმ დარღვევებზე, რომელიც იყო საბჭოში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მზია თოდუას შეფასებით, თადუმაძის სკანდალური დიპლომების თემა თითიდან გამოწოვილია.
"მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს თითიდან გამოწოვილია, რატომ იცით?! ადამიანი ამდენ თანამდებობაზე მუშაობდა, ადვოკატი იყო, კანცელარიაში მუშაობდა, გენერალური პროკურორია და ახლა დიპლომის ეჭვქვეშ დაყენება მე, მაგალითად, არ მიმაჩნია სწორად," - აღნიშნა მზია თოდუამ.