18 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
"აბსურდული გადაწყვეტილება" - ილია ჯიშკარიანს მოწმეებთან კონტაქტი სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეეძლება 

სექსუალურ დანაშაულში "ქართული ოცნების" ბრალდებული წევრის, ილია ჯიშკარიანის, პატიმრობაზე სასამართლომ უარი თქვა. საკრებულოს დეპუტატს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და დამატებითი ღონისძიების სახით, სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა. სასამართლო პროცესი "ნიუ ჰოსპიტალში" გაიმართა, სადაც ილია ჯიშკარიანი უკვე რამდენიმე დღეა მკურნალობს.

საქმის მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა "ნიუ ჰოსპიტალში" საქმის გამართვის გადაწყვეტილება ექიმის ცნობის საფუძველზე მიიღო.

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის, თამთა თოდაძის ადვოკატი თამუნა ლუკავა სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, თუ ილია ჯიშკარიანს სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში მოწმეებთან კონტაქტი მოუწევს, თუნდაც სპეციალური ნებართვით, გავლენას მოახდენს თუ არა მათზე, ამის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. მისივე თქმით, ჯიშკარიანი მთელი პროცესის განმავლობაში ფეხზე იდგა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს. 

ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ჯიშკარიანს სამსახურებრივი მოვალეობის გამო მოწმეებთან საქმიანი ურთიერთობა მოუწევს და, ამიტომაც, დაცვის მხარის შუამდგომლობა ამ აკრძალვის მოხსნა იყო. 

საქმის პროკურორის თქმით, თუ ილია ჯიშკარიანი გირაოს და დამატებითი აკრძალვების პირობებს კეთილსინდისიერად არ შეასრულებს, პროკურატურა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობას დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

დღის ამბები