სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან სასამართლოს რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვაზე იყო კამათი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ომბუდსმენი ნინო ლომჯარია მოსამართლე გიორგი ტყავაძის უსაფუძვლოდ გაკრიტიკებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სახალხო დამცველს მოსამართლე ტყავაძესთან პრობლემა სუბიექტური მიზეზების გამო აქვს.
"გვაქვს საქმე ფაქტების მიჩქმალვასთან, ფაქტების დამახინჯებასთან და მოსამართლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან. გიორგი ტყავაძის განათლების შესაბამისი ხარისხი, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი განათლების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა უპრობლემოდ უღიარა. ის დავა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ახსენებს, შეეხება ადრე გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორებას,"- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გვრიტიშვილს მოსამართლისთვის შეუფერებელ ლექსიკაზე მიუთითა და არგუმენტებით საუბრისკენ მოუწოდა.
"მე ვერ ვასწავლი ჭკუას, როგორ უნდა ისაუბრონ ან რა ტერმინოლოგიით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. მე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ შეფასებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რაც ამ ანგარიშშია მოყვანილი და, უმჯობესი იქნება მსგავსი, მე ვფიქრობ, მოსამართლისთვის შეუფერებელი ლექსიკით, ტერმინოლოგიით და შეფასებებით საუბრის ნაცვლად, ვისაუბროთ არგუმენტაციით და ამ დასკვნას დაუპირისპირონ საკუთარი არგუმენტაცია,"- განაცხადა ომბუდსმენმა.
დღესვე საბჭომ საერთო სასამართლოებში 37 მოსამართლე უვადოდ გაამწესა.