18 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ბლექ კოფი 18 ოქტომბერს სფეისჰოლში ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს

ელექტრონული მუსიკის და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი "დეკოდერი" იწყება. საფესტივალო სეზონს მსოფლიოში ცნობილი, სამხრეთ აფრიკელი დიჯეი გახსნის. ბლექ კოფი 18 ოქტომბერს სფეისჰოლში ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს.

სამხრეთ აფრიკელი დიჯეი და პროდიუსერი კოშინატი მაპუმულუ, რომელსაც მსოფლიო ბლექ ქოფის სახელით იცნობს, საქართველოს პირველად ეწვევა. 43 წლის მუსიკოსი ქალაქ დურბანში დაიბადა და მისი წარმომავლობა ზუსტად ასახავს მუსიკას, რომელსაც თავად ქმნის. 

რეზიდენტ ედვაიზერის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში არტისტი იხსენებს თავის ბავშვობას სამხრეთ აფრიკაში, იმჟამინდელ ყოფას, მოძალადე მამას და ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც მარცხენა ხელი დაკარგა, რამაც კიდევ უფრო დიდი ბიძგი მისცა მის შემოქმედებას და მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა ადამიანის განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე.

მისი დაკვრის დროს მუსიკა და ვიზუალური ნაწილი ჰარმონიაში უნდა იყოს ერთმანეთთან. სფეის ჰოლში ამ დღისთვის მოეწყობა სპეციალური დეკორაცია, დამონტაჟდება დამატებითი განათება. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ 18 ოქტომბერს ნამდვილი ჯადოსნური მოგზაურობა იქნება მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სამყაროში.

ამ ღონისძიებით ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი მე-3 საფესტივალო სეზონს ხსნის და სფეის ჰოლის სცენა მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოში წამყვან არტისტებსა და ქართველ შემსრულებლებს დაეთმობა.

სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები