80 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ, კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა.
მიხეილ კობახიძე მსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო, რომელიც ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე, 1984 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე დახვრიტეს.
მიხეილ კობახიძე 1939 წელს თბილისში დაიბადა. კინორეჟისურის ფაკულტეტი მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში დაამთავრა.
1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა "ქორწილი" სამი პრიზი მიიღო ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.
1967 წელს კობახიძემ გადაიღო ფილმი "ქოლგა", რომელმაც პოლონეთში, კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი მოიპოვა. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მუსიკოსები", რომლის გამოც მას საბჭოთა ცენზურასთან პრობლემები დაეწყო და დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.
1996 წელს მან ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში გააგრძელა.