18 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
"ქართული ოცნების" დეპუტატის გახმაურებულ საქმე - თამთა თოდაძის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს

დაზარალებულ თამთა თოდაძეს, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემაში ადანაშაულებს, პრეტენზიები საქმის გამომძიებლებთანაც აქვს. თოდაძის უფლებადამცველი თამარ ლუკავა ამბობს, რომ პოლიციელები შემთხვევის ადგილზე 9 საათის დაგვიანებით მივიდნენ, რა დროსაც ადგილზე მისულებს საქმის მთავარი მტკიცებულების ნაწილი - დაზიანებული ტექნიკა - დალაგებული, ნაწილი კი გამქრალი დახვდათ.

პირველადი საგამოძიებო მოქმედებების დაგვიანების ვერსიას არ ადასტურებს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის უფლებადამცველი. მარიამ კუბლაშვილი თოდაძის მორიგ საჩივარს უსაფუძვლოს უწოდებს. ადვოკატის მტკიცებით შემთხვევის ადგილი მალევე დათვალიერდა, მოხდა მტკიცებულებების ამოღება და მოწმეების დროული დაკითხვა.

იმას, რომ მტკიცებულებები ამოღებულია და ამბის ყველა მოწმე დაკითხული ამას დეპუტატ ჯიშკარიანის თანამშრომლებიც ადასტურებენ. თუმცა კითხვაზე მოხდა თუ არა დროულად ადგილის შესწავლა და ცხელ კვალზე მტკიცებულებების ამოღება მათ საუბარი არ სურთ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ელოდებიან გამოძიებას.

საკრებულოს დეპუტატის გახმაურებულ საქმეს დღეს სახალხო დამცველი პირველად გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია მტკიცებულებების გაცნობას ითხოვს. ამბობს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საგამოძიებო მოქმედებების არაჯეროვნად შესრულებისა, შესაბამისად ლომჯარიას დეტალებში გარკვევა სურს. 

დღესვე დაზარალებულმა მხარემ პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა. თოდაძის ადვოკატი დამატებით იმ პოლიციელების და გამომძიებლების დაკითხვას ითხოვს, რომლებიც 30 სექტემბერს თოდაძის საცხოვრებელ სახლში პირველად მივიდნენ. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 18 ნოემბერს ჩაინიშნა. ახლა კითხვებს რომელიც საქმის ირგვლივ გაჩნდა გამოძიებამ უნდა უპასუხოს. ამ დროისთვის საქმეზე ბრალდებულ ჯიშნარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ის საავდმყოფოდან გაწერეს და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

დღის ამბები