ამ დრომდე გრძელდება მოკვლევა იმ რეალური მიზეზების დასადგენად, რამაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ჭიათურის მაღაროში იმსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე ინსპექციამ მუშაობა უკვე დაასრულა, ცხედარს ექსპერტიზაც ჩაუტარდა.
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
29 წლის მამაკაცი, რომელიც ჭიათურაში დარკვეთის საბადოში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის რაიონის სოფელ ტყაჩირში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კითხვები ოჯახის წევრებსაც აქვს, ისინი გამოძიებისგან დროულ პასუხებს ელოდებიან. სოფელ ტყაჩირში დღეს ჯანდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა.
"იყვნენ ჩამოსული და ვადგენთ ყველაფერს რა მოხდაო, რამ გამოიწვიაო, ჯერჯერობით არაფერი ვიცით მაგის შესახებ ზუსტად," - აცხადებს გარდაცვლილის მამა, ვიქტორ ბოჭორიშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მაღაროში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ "კურიერთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. კითხვას არის თუ არა მაღაროში უსაფრთხოების ზომები დაცული, უპასუხოდ დატოვს.
რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს, სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები მიზეზად სატვირთოსა და მაღაროს კედელს შორის მოყოლას ასახელებენ. ასევე ამბობენ იმასაც, რომ ექსპერტ კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს და რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი სწორედ საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა დაადგინოს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მათი ჩართულობა უბედური შემთხვევის გამოძიებაში მაქსიმალური იქნება.
"ჩვენი ჩართულობა იქნება მაქსიმალური, სწორედ ამისთვის ვარ მე დღეს აქ მოსული. პირველ რიგში მივუსამძიმრებ ოჯახს იმიტომ, რომ ნამდვილად მოხდა საშინელი ფაქტი. კანონის გამკაცრება მოხდა და 2019 წლის 1 სექტემბრიდან ის ამოქმედებულია. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში შრომის ინსპექციის სამსახური ვახორციელებთ კონტროლს, მაგრამ ეს კონტროლი არ არის საკმარისი, ვინაიდან თვითონ საზოგადოების მზაობაც უნდა იყოს იმისათვის და ამაღლებული ცნობიერება როგორც კომპანიის, ასევე დასაქმებულების, რომ ეფექტური იყოს ჩვენი მუშაობაც," - აცხადებს, ეკატერინე ტიკარაძე.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის თუ რა ვითარებაში მოხდა უბედური შემთხვევა.
"გამოძიებაც დაწყებულია, შესაბამისი კომისიაც შეიქმნა, რომელიც შეისწავლის ზოგადად რა სიტუაციაში და რა მდგომარეობაში მოხდა ეს უბედური შემთხვევა და რაც შეეხება კომპენსაციას რა თქმა უნდა ახლა ჩვენც შეძლებისდაგვარად დავეხმარებით ოჯახს ახლა და ვფიქრობთ უკვე შემდგომ ეტაპზეც რაღაც მოვიფიქროთ," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.