ტრაგედიით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში. ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ნაწულუკუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, მძიმედ დაშავდა სამი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც ავარიას ემსხვერპლა, საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა. თუმცა ის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ნაწულუკუს მიმართულებით გზა გააგრძელა, რა დროსაც სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემხვედრ ავტომანქანას შეეჯახა.
"საპატრულო პილიციის თანამშრომლებმა ზუგდიდში მანევრირების წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი შენიშნეს. სამართალდამცველებმა დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს შეეწყვიტა მოძრაობა. მძღოლი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების მოწოდებას და სოფელ რუხის მიმართულებით განაგრძო სვლა. რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე აღნიშნული ავტომობილი გადავიდა სავალი ზოლიდან და შემხვედრ ზოლში მოძრავ "ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად "ოპელის" მარკის ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი. ავტომობილის მძღოლი 1961 წელს დაბადებული ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში,"- განმარტავენ შსს-ში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.