პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა ოთხ პოლიციელს, რომლებმაც, მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს "იარაღი ჩაუდეს", ულტიმატუმი წაუყენა. ჩალაგაშვილის განცხადებით, თუ ისინი ორშაბათ საღამომდე ჩვენებას არ შეცვლიან, სამსაბათს მათი ფოტოები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.
"თქვენ იქნებით კეთროვანი ადამიანები"- მიმართა ჩალაგაშვილმა პოლიციელებს და იმის დასტურად, რომ მათი პირადი ინფორმაცია მართლაც აქვს, პირდაპირ ეთერში მათი გვარები და პირადი ნომრების ბოლო სამი ციფრი წაიკითხა.
ჩალაგაშვილმა კობა კოშაძის საქმესთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაც გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით ცნობილი გახდა, რომ იარაღზე, რომლის უკანონოდ ტარებისთვისაც კობა კოშაძე დააკავეს, მისი თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ჩაალაგაშვილის მტკიცებით, დნმ-ის ექსპერტიზის პასუხიც უარყოფითია.
გურამ ჩალაგაშვილმა დღეს პროკურატურას და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ირაკლი ოქრუაშვილისა და კობა კოშაძის გათავისუფლება მოითხოვა.
შეგახსენებთ, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.