22 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
თბილისმა მოსკოვის მოთხოვნა დააკმაყოფილა - რუსი ჰაკერი რუსულ მართლმსაჯულებას გადაეცა

თბილისისა და კრემლის თანამშრომლობა შედგა - საქართველომ რუსი ჰაკერი მოსკოვს გადასცა. რუსეთში პოლკოვნიკის მკვლელობასა და კიბერთაღლითობის საქმეზე ძებნილი იაროსლავ სუმბაევი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვდა.

ექსტრადირების საკითხზე საკუთარ არგუმენტს ორივე მხარე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული წერილებით ამყარებს. თეა წულუკიანი ექსტრადაციის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული წერილით ხსნის, რომელიც 2019 წლის 6 სექტემბრით თარიღდება. წულუკიანის განცხადების შემდეგ მალევე სუმბაევის ინტერესების დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლის 15 ოქტომბრით არის დათარიღებული.

"კურიერმა" ის წერილიც მოიპოვა,რომელიც ძებნილმა სუმბაევმა შალვა თადუმაძეს მისწერა, სადაც ჰაკერი გენერალურ პროკურორს იმ საფრთხეზე უყვებოდა, რომელიც ექსტრადირების შემთხვევაში რუსეთში ემუქრებოდა. რუსი ჰაკერი მთავარ პროკურორს მიმართავს უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და დროულად გამოიძიოს 2017 წლის 28 მარტს ქარელიდან მისი გატაცების ფაქტი, სადაც სუმბაევის მტკიცებით, სამართალდამცველები ფიგურირებენ. პატიმარმა მიმართვა თადუმაძეს 2019 წლის 22 იანვარს გაუგზავნა.

სუმბაევის ექსტრადირების საკითხზე საქართველოსა და რუსეთის შეთანხმებაზე "კურიერთან" ვლადიკავკასში საბადრაგო სამსახურის უფროსმა ისაუბრა.
ჰაკერის რუსეთში ექტრადირებასთან დაკავშირებით სუმბაევის ადვოკატებმა დღეს სასამართლოში სააპელაციო სარჩელიც შეიტანეს, ხვალ კი პროკურატურას იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოსთხოვენ.

სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამასთან, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ჰაკერი ვიცე-პოლკოვნიკის ევგენია შიშკინის მკვლელობასთან იყოს დაკავშირებული. ქართულმა მხარემ სუმბაევი 2018 წლის 5 ნოემბერს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და ყალბი პასპორტის ბრალდებით დააკავა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 26 ნოემბერს მიმართა.

​​

დღის ამბები